Wizzair საქართველოში

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი: მინდა გაგახაროთ, Wizz Air-ი მაისში რეისებს ამატებს

ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. აქტაუდან ჩამოსულ პირველ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ. 

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს,  FlyArystan-თან რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

"ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და COVID-რეგულაციების შემცირების ფონზე შესაძლებლობას განვიხილავთ, რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად იგეგმება რეისების დამატება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებულნი არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად, 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს ფრენებს, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს". – აცხადებს თამარ არჩუაძე.

Wizzair-მა საქართველოში ფრენები 18 აპრილს განაახლა - ვარშავის და ვილნიუსის მიმართულებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მათ Wizzair-ს ფრენის ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21-ვე მოთხოვნილ მიმართულებაზე მისცეს

Wizzair-ს საქართველოში ფრენები ფაქტობრივად წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი. მაშინ, როცა ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლებისმისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები