დავითგარეჯის საქმე

გომელაური მელაშვილზე თავდასხმაზე: ყველანაირი ძალადობა მიუღებელია

საქართველოს მთავრობა

შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური  დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან დემარკაცია-დელიმიტაციის საბჭოს ყოფილ ექსპერტ ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. 

"გუშინ რაც მოხდა, იმაზე დავიწყეთ გამოძიება, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი თავდასხმა არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჟურნალისტებზე და ასევე, მოქალაქეებზე და გამოძიების მიხედვით რაც დადგინდება, დაისჯებიან შესაბამისად". – ამბობს გომელაური.  

რაც შეეხება გამოძიების წარმართვას, დაემატება თუ არა ძალადობის მუხლს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი, გომელაური ამბობს, რომ ეს პროკურატურის საქმეა და მას არ ეხება. 

"შეიძლება, არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, მე არ ვარ გამომძიებელი, ვარ შსს-ს მინისტრი, ნახავენ კადრებს დააკვირდებიან, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს". – ამბობს გომელაური. 


4 მაისს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტმა, გვანცა წულუკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითგარეჯის ტერიტორიაზე ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ცნობით, ივერი მელაშვილზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა, მთავარი არხის ჟურნალისტის ცნობით, ნაცემია ოპერატორი და დამტვრეულია კამერა. 

"მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანები, გინდ სოფლის მოსახლეობა, ესენი არიან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ არა, ესენი უბრალო ადამიანები არიან და ჩაუდო ვიღაცამ თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მელაშვილმა რაღაც გადასცა და გაყიდა, სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა".- ამბობს მელაშვილი და აღნიშნავს, რომ ისინი შეცდომაში ხელისუფლებამ შეიყვანა. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები