საფრანგეთი

მარინ ლე პენი ISIS-ის მიერ ტერორიზმის ამსახველი ფოტოების გავრცელების საქმეში გაამართლეს

Getty Images

საფრანგეთის სასამართლომ საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების ლიდერი, ეროვნული ფრონტის პრეზიდენტი, მარინ ლე პენი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორიზმის ამსახველი სურათების სოციალურ ქსელში გავრცელების საქმეზე გაამართლა

2015 წლის დეკემბერში ლე პენმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების მიერ ადამიანების მოკვლის ამსახველი სამი ფოტო სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა, სადაც ის წერდა: "ესაა ისლამური სახელმწიფო". ამის გამო მარინ ლე პენს "სიძულვილის ენის კანონის" დარღვევაში ბრალს სდებდნენ. 

ლე პენი ამბობდა, რომ მან პოსტი ჟურნალისტის პასუხად დაწერა, რომელიც მის პარტიას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ადარებდა. 

ეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს მოწყობილი პარიზის ტერაქტების შემდეგ, რასაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა.

პროკურატურამ 5000 ევროს ჯარიმის დაკისრება მოითხოვა "ძალადობრივი გზავნილების გავრცელებისთვის, რომლებიც ტერორიზმს ან პორნოგრაფიას ახალისებს, ან სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას".

განჩინებაში ნათქვამია, რომ ლე პენის მხრიდან ამ სურათების გავრცელება იყო "თანმიმდევრული" პასუხი "სადავო შეტევაზე". ასევე, დადგინდა, რომ ტერორიზმისკენ წაქეზება ამ სურათებით არ მომხდარა, რადგან მას აღწერა ეწერა.

"სამართლისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. ამ საქმეში სიტყვის თავისუფლება სასწორზე იდგა". - მარინ ლე პენის ადვოკატმა, როდოლფ ბუსელუმ თქვა.

ამ საქმის გამო ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს. გამოძიების ფარგლებში მან უარი თქვა ფსიქიატრიული ტესტების ჩატარების მოთხოვნაზე. ლე პენის თქმით, ეს საქმე სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენდა. 

მარინ ლე პენმა უკვე დააანონსა, რომ ის 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ხელახლა მიიღებს. 2017 წელს ლე პენი ემანუელ მაკრონთან დამარცხდა.

კომენტარები