დავითგარეჯის საქმე

ბოკერია მელაშვილზე თავდასხმაზე: ამ საზიზღრობაზე პასუხისმგებელი ივანიშვილის რეჟიმია

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან დემარკაცია-დელიმიტაციის საბჭოს ყოფილ ექსპერტზე, ივერი მელაშვილზე თავდასხმას. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, დაქირავებულები თუ გულწრფელად შემცდარები, ნებისმიერ ვარიანტში "ამ საზიზღრობაზე" პასუხისმგებლობა ქართული ოცნების გუნდს ეკისრება. 

"მე იქ [კადრებში] სასულიერო პირები არ დამინახავს, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვნახე, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად შეაჩერეს და მერე დაემუქრნენ, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ, გულწრფელად შემცდარები თუ დაქირავებულები, ყველა ვარიანტში ამ საზიზღრობაზე და ამ მოგონილ ტყუილზე, რომლის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები ჯერ ციხეში ჰყავდათ და ახლა სამიზნე გახადეს ასეთი უბინძურესი ბრალდებების სამშობლოს გაყიდვაზე, ამაზე მთლიანად პასუხისმგებელია ივანიშვილის რეჟიმი, დღევანდელი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეს სამარცხვინო, უსინდისო ადამიანები. ისინი ჩვენს ქვეყანას ყოველდღე მიაქანებენ დამატებითი სიძულვილის მორევისკენ, ამიტომ, ძალიან საშიშები არიან ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ვალია, ისინი ჩამოვაშოროთ ძალაუფლების სადავეებს მშვიდობიანი გზით". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

4 მაისს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტმა, გვანცა წულუკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითგარეჯის ტერიტორიაზე ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ცნობით, ივერი მელაშვილზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა, მთავარი არხის ჟურნალისტის ცნობით, ნაცემია ოპერატორი და დამტვრეულია კამერა. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

"მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანები, გინდ სოფლის მოსახლეობა, ესენი არიან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ არა, ესენი უბრალო ადამიანები არიან და ჩაუდო ვიღაცამ თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მელაშვილმა რაღაც გადასცა და გაყიდა, სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა".- ამბობს მელაშვილი და აღნიშნავს, რომ ისინი შეცდომაში ხელისუფლებამ შეიყვანა. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები