საქართველოს საფონდო ბირჟა

69 დღეა, საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ განხორციელებულა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2 თვეზე მეტია, ტრანზაქცია არ განხორციელებულა. ამის შესახებ ბირჟის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი. 

ბოლო ტრანზაქცია, რომელიც ბირჟაზე შედგა, 23 თებერვლითაა დათარიღებული და იგი სს ლიბერთი ბანკის მიერ 366.78 ლარის აქციების გაყიდვას გულისხმობს. 2021 წლის განმავლობაში, ბირჟაზე სულ 8 გარიგება შედგა, აქედან 5 სს გრინ დაზღვევა საქართველოს აქციებს შეეხება, 3 კი – სს ლიბერთი ბანკისას. ჯამში, გარიგებების საბაზრო ღირებულება 2 454 ლარია. 

ამ მომენტისთვის, ბირჟაზე 28 კორპორაციის ფასიანი ქაღალდები ივაჭრება, მათი ჯამური მოცულობა კი 2.38 მილიარდი ლარია.

საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.

კომენტარები