ინფლაცია

აპრილში ზეთი 40%-ით, ყავა და ჩაი 10%-ით, პური 6.4%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87%ით განისაზღვრა.

აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა.

წინა თვეში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა ზეთისა და ცხიმის (40.2%), შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის (12.3%), ყავის, ჩაის და კაკაოს (10.1%), თევზეულის (9.4%), პურის და პურპროდუქტების (6.4%) ქვეჯგუფებზე. 

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზეც: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (6.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6%). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2%).

წყარო: საქსტატი

 

კომენტარები