აშშ

ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვეტერანი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი დაინიშნა. ამის შესახებ აშშ-ის სენატის პრესსამსახურმა twitter-ზე დაწერა.

"სენატმა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ვიქტორია ნულანდი დაამტკიცა" – წერს სენატის პრესსამსახური
 

ნულანდი ობამას ადმინისტრაციის დროს იკავებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას. გასულ წლებში, ის აკრიტიკებდა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საგარეო პოლიტიკას - განსაკუთრებით კი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაშოშმინების პოლიტიკას. 

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ნულანდს ნათქვამი აქვს, რომ საქართველომ ბოლო წლებში წინსვლას მიაღწია, 2012 წლის არჩევნების, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების, ენერგიული მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების, მედიის მეტი თავისუფლების, პოლიციასა და ციხეში წამების აღმოფხვრის მცდელობისა და საგარეო პოლიტიკაში განგრძობადობის ჩათვლით - "მაგრამ არავის სურს, საქართველოს უკუსვლა იხილოს. კარგად გვესმის, რომ ამ მთავრობამ არჩევნებში წარსული დანაშაულებების გამოსწორების დაპირებებით გაიმარჯვა, თუმცა ჩვენ მყარად გვჯერა კანონის უზენაესობის და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების, თუნდაც პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმის შენიღბვის საშუალება. დაცული უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობის სათანადო პატივისცემა, რადგან მთელი მსოფლიო აკვირდება. და ეს უშუალოდ ეხება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ყველა ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ამრიგად, საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეკონომიკის მდგომარეობა მაღელვებს. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები წინ იხედებოდნენ და არა უკან".

ამავე წელს ნულანდმა საქართველოს პროგრესსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში კვლავ არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის პრობლემები.

2013 წლის ნოემბერში მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ყოფილი პოლიტიკური ლიდერებისადმი მოპყრობაზე. იმ დროს ნულანდმა თქვა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა მოახდინოს სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა და თუ როგორ მოეპყრობა მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს, მნიშვნელოვნად აისახება მის ურთიერთობაზე აშშ-სა და ევროპასთან.

2014 წელს მან აღნიშნა, რომ ამერიკა NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ცდილობს, საქართველოსა და მოლდოვას დაეხმაროს.

2015 წელს ნულანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებლობებს აძლევს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებსაც. მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაარწმუნოს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, რომ საქართველოსთან ერთად ცხოვრება მათ უფრო პერსპექტიულ და ძლიერ მომავალს ჰპირდება. 


 

კომენტარები