აშშ

ტრამპის თქმით, ტაივანმა აშშ-ს თავდაცვის გარანტიებისთვის უნდა გადაუხადოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტაივანმა აშშ-ს თავაცვის გარანტიებისთვის უნდა გადაუხადოს. 

"ტაივანელ ხალხს კარგად ვიცნობ და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. მათ ჩვენი მიკროჩიპების ბიზნესის 100% წაიღეს. ვფიქრობ, ტაივანმა ჩვენ თავდაცვისთვის უნდა გადაგვიხადოს. არაფრით არ განვსხვავებით სადაზღვეო კომპანიისგან, ტაივანი კი არაფერს არ გვაძლევს. [...] 

მათ ჩვენი ჩიპების ინდუსტრიის თითქმის 100% წაიღეს, ამისთვის ქებას იმსახურებენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ სულელები მართავდნენ ჩვენ ქვეყანას. არასდროს არ უნდა დაგვეშვა, რომ ეს ასე მომხდარიყო. ახლა ჩვენ მათ მილიარდობით დოლარს ვაძლევთ, რათა ახალი ჩიპები ააწყონ ჩვენ ქვეყანაში და შემდეგ ამასაც წაიღებენ. სხვანაირად რომ ვთქვა, ისინი ამ ჩიპებს ააწყობენ და შემდეგ უკან წაიღებენ თავიანთ ქვეყანაში" – ამბობს ტრამპი.

ტაივანის პრეიმერმინისტრს, ჩო ჯუნგ ტაის ამ კონკრეტულ საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის პასუხი არ გაუცია, თუმცა, ზოგადი გამოხმაურების სახით თქვა, რომ  მომავალში აშშ-სა და ტაივანის მიზანი ურთიერთობის პოზიტიური მიმართულებით გაუმჯოებესება იქნება.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 2023 წლის 26 დეკემბერს, მაო ძედუნის დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან "კვლავ გაერთიანება" "გარდაუვალია".

"ჩვენი სამშობლოს სრული გაერთიანება გარდაუვალი გეზია, ეს სამართლიანობა და ჩვენი ხალხის არჩევანია. სამშობლო უნდა გაერთიანდეს, და ასეც მოხდება". - თქვა სი ძინფინგმა მაო ძედუნის დაბადებიდან 130-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას.

აშშ ათწლეულების მანძილზე ტაივანის უსაფრთხოების დე ფაქტო გარანტორია. ტაივანთან ურთიერთობის აქტის (Taiwan Relations Act) ფარგლებში ვაშინგტონი ტაივანის მომავლის არამშვიდობიანი გზებით გადაწყვეტას აშშ-ს ინტერესებისთვის სერიზოულ საფრთხედ მიიჩნევს და ვალდებულებას იღებს ტაივანს თავდაცვისთვის საჭირო იარაღი მიაწოდოს.

კომენტარები