კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა

სინოვაკი

"სინოვაკის" ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციას 3 მაისს. გადაწყვეტილებას განხილვიდან რამდენიმე დღეში მიიღებენ. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები 15 მარტიდან მიმდინარეობს. Pfizer-ის 29 500 დოზით ვაქცინაცია კი, მარტის ბოლოს დაიწყო. ამჟამად, ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, ორგანოგადანერგილ პაციენტებს, დიალიზზე მყოფ პირებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.


19 აპრილს საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა. ამ დროისთვის დარეგისტრირდა 53 996 ადამიანი. პირადი მონაცემების შევსების პარალელურად, მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მაქსიმუმ სამი ვაქცინა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს. აქედან უმრავლესობამ (51 700) Pfizer-ი აირჩია. სამი სასურველი ვაქცინიდან ერთერთად ჩინური სინოფარმი მხოლოდ 2 827-მა ადამიანმა მონიშნა, ხოლო სინოვაკი - 647-მა.

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას". – წერია რეგისტრაციის პორტალზე.

კომენტარები