ლარის გაუფასურება

კობა გვენეტაძე: არ ვფიქრობ, რომ უნდა გადავდგე

ტაბულა

"არა, არ ვფიქრობ". – ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ჟურნალისტის კითხვას, ლარის გაუფასურების ფონზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ უნდა გადადგეს. 

ამის შესახებ გვენეტაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს, როცა ის პრეზიდენტი გახდა, ლარის კურსი 2.50 იყო. გვენეტაძე მისი თანამდებობის პერიოდს აფასებს და ამბობს, რომ ლარის გაუფასურება დამოკიდებული იყო ბევრ ფაქტორზე:

"თუ ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, მნიშვნელოვანი იყო, თუ რა გამოწვევები იყო ამ პერიოდში, ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ჯერ ნავთობის კრიზისი იყო, ნავთობის ფასების დაცემა 2014-15 წელს, რომლის ეფექტიც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამის შემდეგ იყო ლირის გაუფასურება 2018 წელს - საკმაოდ დიდი გაუფასურება. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანაა ამ მხრივ და ვერ გამოირჩევა მაინცდამაინც კარგი მენეჯმენტით. ამის შემდეგ იყო 2019 წელი, ძალიან მძიმე, პანდემიამდე, როდესაც აიკრძალა ფრენები რუსეთის ფედერაციიდან. მანდ მოხდა კურსის გაუფასურება, შემოსავლების შემცირება მოხდა და შემდეგ პანდემია. ამიტომ, საკმაოდ ბევრი მიზეზი იყო კურსის გაუფასურებისთვის". – ამბობს გვენეტაძე. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 29 აპრილს,  3.4529 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4548 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 4.1666 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.1727 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ით განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილებით, იმ მსესხებლებს, რომლებსაც სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხი გაუძვირდებათ. ასეთი საქართველოში დღეს 124 700 მსესხებელია, მათი კრედიტების ჯამური მოცულობა 7.4 მილიარდი ლარია. 

ამ ცვლილების მიზეზად მაღალი ინფლაცია სახელდება, რადგან მარტში ინფლაციის ნიშნული 7.2%-მდე გაიზრდა, რაც მიზნობრივ 3%-იან ინფლაციას 2.4-ჯერ აღემატება. 

ამასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის, თუკი ბანკებისთვის ერთიანი სარეზერვო მოთხოვნები მოქმედებდა, ივლისიდან უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად განისაზღვრება. ამის მიზეზია დოლარიზაციის შემცირება - რაც უფრო მაღალია ბანკში დეპოზიტების დოლარიზაცია, მით უფრო მაღალი იქნება მისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.5% იქნება. წინა პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 4.3% უნდა ყოფილიყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) ამცირებს. პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ხარჯზე, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი, მაშინ როდესაც 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო.   

კომენტარები