პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტი სულ წარმატებით არ უნდა გამოიყენოს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ხვალ კიდევ ერთი ტესტია ივანიშვილის რეჟიმის, თუ კეთილი ნება აქვთ, საქართველოს მეგობარია ჩამოსული, მარტივად, პოლიტიკური დევნა იყო ეს და თუ ვითარების განმუხტვა უნდათ, ის თავისუფალი იქნება. ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ენმ-ს თავმჯდომარის,  ნიკა მელიას ხვალინდელ სასამართლოზე. ბოკერიას თქმით, მისი პარტია არ აპირებს ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტი ყოველ ჯერზე წარმატებით გამოაყენებინოს

"მელიას გათავისუფლებისა და კრიზისის შედარებით განმუხტვის გასაღები არის მხოლოდ ქართული ოცნების ხელში, ევროპული საქართველო არ აპირებს ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტი ყოველ ჯერზე წარმატებით გამოაყენებინოს". – ამბობს გიგა ბოკერია 

ბოკერიას თქმით, მთავარია საზოგადოების ნაწილში ნდობის დაბრუნება პოლიტიკური პროცესების მიმართ, რაც მოცემულმა შეთანხმებამ ვერ შეასრულა და პირიქით - გაზარდა უნდობლობა მოსახლეობაში

"პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩვენი დაყოლიება კი არ არის საჭირო, არამედ იმ ტიპის ნაბიჯი, რომელიც რეალურად დაიწყებს განმუხტვას, რომელიც, სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში არის, რბილად რომ ვთქვა, არასაკმარისად, უფრო სწორად, არ არის, და პირიქით, სამწუხაროდ, გააღრმავა საზოგადოების ნაწილში უნდობლობა პოლიტიკური პროცესების მიმართ". – ამბობს ბოკერია

დღეს, 28 აპრილს ოპოზიციამ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრა გამართა, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები