პოლიტიკური კრიზისი

პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ ამნისტიის კანონის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა

ოპოზიციამ ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია პარლამენტში დაარეგისტრირა. ხელმომწერი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება. 

"კანონპროექტი გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, იყვნენ დამნაშავეები ჩვენი თანამოქალაქეების, მომიტინგეებისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში. ან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გასცეს უკანონო ბრძანება. მათზე არცერთ შემთხვევაში არ გავრცელდება ამნისტიის კანონი". – ამბობს ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. 

"ამნისტიის კანონზე სრულად პასუხს ვაგებთ ის ორგანიზაციები, პარლამენტის წევრები, პარტიები, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ამ კანონს". – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

ევროპული საქართველოს სიით გასული დეპუტატი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მცდელობების მიუხედავად,  ხელისუფლებასთან შეჯერებულიყო პოზიციებით პარლამენტში საერთო კანონპროექტის შეტანა ვერ მოხერხდა. 

"ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს. იმ მოვლენების დროს რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, ამნისტირებულია მათი ქმედებები და აქციის მონაწილეებს რა ბრალიც აქვთ წაყენებული, მათი ქმედებები. ხელისუფლების კანონპროექტს წერილობით არ გავცნობილვარ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში მათ რამდენადაც გვითხრეს, შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლებითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის განმავლობაში, და ზოგზე განაჩენიც არის დაყენებული, არამედ ჰიპოტეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს, ასევე ჰოპოტეტურად მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამნისტია არის არაგანჭვრეტადი და ფაქტობრივად, ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში და რაზე არა. ეს არ მიგვაჩნია სამართლიანად. სამართლებრივადაც ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტიის კანონის მიღება გაუმართლებელია". – აღნიშნა მან.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). 

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომაც კანონპროექტის ორი ვერსია იქნება პარკამენტში. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები