ეკონომიკა

გვენეტაძე: შეუძლებელია ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების კონტროლი, სასწაულს ვერ გავაკეთებთ

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ის ფაქტორები, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ეროვნული ბანკის მანდატის გარეთაა და შეუძლებელია მათი კონტროლი. მისივე პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს.

"მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ თუ რაოდენ უპრეცედენტო შოკთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ის ფაქტორები, რომლებიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებენ, არ არის ის ფაქტორები, რომლებზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს. სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ, მაგალითად, არის გვალვა და მოსავალი არ მოვიდა, დიდი ალბათობით, ამ მოსავალზე ფასები გაიზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეგულატორს არცერთ ქვეყანაში არ ექნება არანაირი ბერკეტი, ამაზე გავლენა მოახდინოს, ამიტომ ის ფაქტორები, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, არის ეროვნული ბანკის მანდატის გარეთ, შეუძლებელია მათი კონტროლი, მიუხედავად ამისა, ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რათა ინფლაციის დინამიკა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის მანდატს.

ეს არის სამწუხარო პროცესი, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა რაღაც სასწაული გააკეთოს, ბევრ ქვეყანაში ასეა, უბრალოდ საქართველოში გახანგრძლივდა, რადგან დროის მოკლე პერიოდში კიდევ ერთ შოკთან არის დაკავშირებული". – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ით განისაზღვრა.

ამასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის, თუკი ბანკებისთვის ერთიანი სარეზერვო მოთხოვნები მოქმედებდა, ივლისიდან უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად განისაზღვრება.

კომენტარები