ლიტვა-საქართველო

ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ლიტვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაბრიელიუს ლანდსბერგისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ესაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიტვის მტკიცე მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს ლიტვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მსოფლიოში  COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. 

პრემიერმინისტრმა ლიტვას კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, ვინაიდან ვაქცინაციასა და სახელმწიფოების ერთობლივ ძალისხმევას პანდემიის დამარცხების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება". – წერია განცხადებაში.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში გუშინ, 27 აპრილს, ჩამოვიდა. საქართველოში მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება რის შედმდეგაც ის აზერბაიჯანში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის სპიკერსა და საქართველოს პრეზიდენტს. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

კომენტარები