ეკონომიკა

დოლარიზაციის შესამცირებლად სებ-ი ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის, თუკი ბანკებისთვის ერთიანი სარეზერვო მოთხოვნები მოქმედებდა, ივლისიდან უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ამჟამად მოქმედი სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 5%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და  უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე – 25%-ს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ამ ცვლილების მიზანია დოლარიზაციის შემცირება -  რაც უფრო მაღალია ბანკში დეპოზიტების დოლარიზაცია, მით უფრო მაღალი იქნება მისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.

"ივლისის თვიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40 პროცენტს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10 პროცენტამდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70 პროცენტი ან მეტია, ის კვლავ 25 პროცენტი იქნება; ხოლო თუ დოლარიზაცია 40-70 პროცენტის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება- ეს იყო ერთ წლამდე რეზერვებთან დაკავშირებით.

ანალოგიურად, 15-დან 10 პროცენტამდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის. არსებული ტენდენციების ანალიზის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებას, ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდასა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილებას." – ამბობს კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-ით განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილებით, იმ მსესხებლებს, რომლებსაც სესხი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხი გაუძვირდებათ.

კომენტარები