პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ჩასაფრებული პოზიცია ოპოზიციის მხრიდან, ვინც არ შემოუერთდა შეთანხმებას, უსამართლოა

"მინდა მივმართო ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც არ შემოუერთდნენ ჯერჯერობით ამ შეთანხმებას, ძალიან გთხოვთ, არასწორია და უსამართლოა ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა, ნუ ეძებთ მიზეზებს, აუცილებლად გვაჩვენოთ, რომ რაღაც არის ცუდად". – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 

მისი თქმით, ქართული ოცნება შეთანხმების ყველა პუნქტის სათავისოდ ინტერპრეტაციას შეეცდება, ამიტომ ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია.

"ეს დოკუმენტი არის ჩვენი საერთო ბრძოლით მიღწეული დოკუმენტი, რომელიც არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დოკუმენტმა უკვე დაიწყო შედეგების მოტანა. ამიტომ, გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან მთავარი ამოცანა – ივანიშვილის ქართული ხელისუფლებიდან ჩამოშორების ამოცანა არსად არ წასულა. თუ ჩვენ ერთმანეთს დავკბენთ, თავს დავესხმებით, ჩავუსაფრდებით, მიზეზებს მოვუძებნით, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ საბოლოო წარმატებას.

ძალიან დიდი და რთული გზა გვაქვს წინ. ვიცით, ვინ არის მეორე მხარეს. ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება შეთანხმების ყველა პუნქტის სათავისოდ ინტერპრეტაციას, მაგრამ ჩვენს ერთიანობას აქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ზედმიწევნით თქვენთან ერთად შევასრულებინებთ ყველა დაპირებას, რომელიც არის ამ დოკუმენტში, მაგრამ თუ ერთმანეთთან ვიკინკლავეთშეურაცხყოფები მივაყენეთ, დავკარგავთ საზოგადოების მხარდაჭერას და შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების შესრულება. ამიტომ, გთხოვთ ყველას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ შედეგებს". – ამბობს ვაშაძე. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები