პოლიტიკური კრიზისი

მელია: ოცნება კანონში ჯალათებს ჩაწერს, იმედია, ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რათა ამნისტიის კანონპროექტში ყველა მოძალადე ჩაწეროს. მელიას იმედი აქვს, "ოპოზიცია იმას მაინც მოვახერხებთ, რომ კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას".

"ძალიან ვგულშემატკივრობ ოპოზიციის ერთიანობას. ციხეში მყოფისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ელემენტარულ დონეზეც პაექრობას როდესაც ადევნებ თვალს ოპოზიციას შორის. 1 წლის წინ, როდესაც ერთი ცალკე აღებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აკრიტიკებდა მეორეს, ამაზე განვიცდიდი და ახლა წარმოგიდგენიათ, რა გრძნობები მეუფლება? მძიმე დღე გვიდგას, შეცდომებზე მითითებას, ვისი ბრალია, რა და როგორ მოხდა, აზრი აღარ აქვს, განსაკუთრებით, აქედან. გამოსავალი უნდა ვეძებოთ, დარწმუნებული რომ ვარ, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა მოძალადეს და ე.წ. ჯალათს, ყველა, ვინც ერთხელ მაინც ისროლა და იძალადა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს,  ყველას ჩაწერს კანონპროექტში ქართული ოცნება. მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ჩვენ რას ვამბობთ - მოგვეწონება, არ მოგვეწონება, ოპოზიცია იძულებული იქნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს, იმიტომ, რომ მოძალადეებს ჩაუწერენ იქ, არც ჩამკეტს დააყენებენ და არც დაზარალებულთა თანხმობას ჩაწერენ. ქართულ ოცნებას ვერც ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება იტყვის - ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი, რის თანახმადაც ყველაზე უნდა გავრცელდეს შეთანხმება და ეს ასე წერია - რაც მართალია, მართალია.  

მე იმედი მაქვს, ოპოზიცია იმას მაინც მოვახერხებთ, რომ კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობას, რომ შანსი დაგვრჩეს გადარჩენის. ქართული ოცნება რომ ჩაწერს, ეჭვი არავის ეპარება და რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაწეროს?" - ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები