პოლიტიკური კრიზისი

კუჭავა: უნდა ველოდოთ, რომ დღესვე ან ხვალ იქნება რურუას შეწყალების აქტი

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, 27 აპრილს, ან ხვალ გამოსცემს. კუჭავას თქმით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და შეთანხმების ტექსტშია გაწერილი. 

"პრეზიდენტმა პირველად მსგავსი ქმედება განახორციელა, როდესაც დაახლოებით ერთი წლის წინ გაათავისუფლა უგულავა, ოქრუაშვილი და ეს მისი მხრიდან მეორე ნაბიჯია, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო დაწიოს. ეს მოწოდება, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული ქვეყნების მხრიდან იქნა მიღებული. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, რომ ეს ნამდვილად შეუწყობს იმ პროცესს ხელს, რომ კიდევ უფრო დაახლოვდეს და უფრო ერთიანი მიზნისთვის ბრძოლა ყველა პარტიამ ერთად გააგრძელოს.

როდის მოხდება, მე ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა მახსოვს, რომ, თუ არ ვცდები, ერთი კვირა წერია შეთანხმებაში, ამიტომ უნდა ველოდოთ რომ ძალიან მალე, დღესვე ან ხვალ, 7 დღე როცა გადის უკვე იქნება შეწყალების აქტი". – თქვა კუჭავამ. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გიორგი რურუას მას შემდეგ შეიწყალებდა, რაც 27 აპრილს ოპოზიციური პარტიები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შევიდოდნენ. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები