ფლანგვის დეტექტორი

GMC: კომუნიკაციების კომისიის 5-მა წევრმა 2019-20 წლებში 2.1 მლნ ლარის ხელფასი მიიღო

ფლანგვის დეტექტორი

2019-2020 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე 2 096 100 ლარი დაიხარჯა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და მალტის პრემიერმინისტრების ხელფასები ერთად აღებული.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს მთავარ მარეგულირებელ ორგანოს მაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. მისი მოვალეობაა, გააძლიეროს კონკურენცია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის ბაზრებზე, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და გამჭვირვალე და სამართლიანი მარეგულირებელი გარემო.

ორგანიზაციის მიხედვით, კანონით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიუხედავად, კომისიის საქმიანობა ხშირად უარყოფითად არის შეფასებული. იგი კრიტიკის ობიექტია მისი მიკერძოებულობისა და არაეფექტური გადაწყვეტილებების გამო. კომისიის პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებზე საუბრის სხვადასხვა ანგარიშებში, მათ შორის მედიის მდგრადობის ინდექსის 2017-2018 წლის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის, მედიის გავლენის მატრიცის 2020 წლის და კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" 2020 წლის ანგარიშებში.

ნიშანდობლივია ისიც, რომ კომისიის წევრებს ხშირად ადანაშაულებდნენ პოლიტიკოსებთან კავშირებსა და მათთან საეჭვო საქმიან გარიგებებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კომისია მისი პოლიტიკითა და გადაწყვეტილებებით ცდილობს, გააჩუმოს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია გარკვეული პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, მარეგულირებლის მიდგომა 2016-2019 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შერჩევითი იყო და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებს უფრო მძიმე სასჯელს აკისრებდა.

საინტერესოა ისიც, რომ ორგანიზაციის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 16,650 ლარს შეადგენს, თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კომენტარები