დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკის დონბასის კრიზისზე მოლაპარაკებებში აშშ-ს, კანადის და დიდი ბრიტანეთის ჩართვა სურს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის კრიზისის დამთავრებისთვის მოლაპარაკებებში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ჩართვაც სურს. ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის მინსკის პროტოკოლის შეცვლა ან მოლაპარაკებებისთვის სხვა ფორმატის გამოყენება სურს.

"ახლა მე ვმონაწილეობ პროცესში, რომელიც ჩემს მოსვლამდე იყო შემუშავებული. მინსკის პროცესი უნდა იყოს უფრო მოქნილი ამ მდგომარეობაში. ის უნდა ემსახურებოდეს არა წარსულის, არამედ დღევანდელ მიზნებს... არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მინსკის ფორმატი, ჩავასწოროთ ის. ან ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რაიმე სხვა ფორმატი. სისწრაფეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს ყოველდღე". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მინსკის პროტოკოლს ხელი 2014 წელს მოეწერა და მისი მიზანი დონბასში ომის დასრულებაა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ, რუსეთმა, ეუთო-მ და უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ. დონბასში კონფლიქტის დასასრულებლად შეხვედრები იმართებოდა ნორმანდიის ფორმატში, რომელშიც უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობდნენ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სურს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელობა აქვს არა შეხვედრის ჩატარების ადგილს, არამედ მის შინაარსს. ამასთანავე ზელენსკიმ უარყო პუტინის შეთავაზება, კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაეწყო სეპარატისტებთან.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინს ზელენსკიმ შეხვედრა ორჯერ შესთავაზა. საპასუხოდ პუტინმა თქვა, რომ ის მზადაა ზელენსკის "მისთვის შესაფერის ნებისმიერ დროს მოსკოვში" შეხვდეს.


აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას

კომენტარები