პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: დანიელსონმა მითხრა, იცოდე, ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხრიდანო

"დანიელსონი როცა ჩამოვიდა, ერთ-ერთ პირველ რაუნდზე, ცალკე შეხვედრაზე მითხრა, რომ უნდა გახსოვდეს, რომ ამ შეთანხმებაზე სისხლი დაინთხევა ორივე მხარიდან, ანუ ორივე მხარეს მოუწევს, რომ საბოლოოდ სისხლი დაასხას ამ დოკუმენტს, რომელიც დაიდება. ასეა, შეთანხმება არის საბოლოო ჯამში კომპრომისი". - თქვა პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა Palitranews-თან საუბრისას. 

სამადაშვილის აზრით, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, ქართული ოცნება შეეცდება, "ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს", მისივე თქმით, კანონის ფორმულირების მიხედვით, ამნისტია შეეხება მხოლოდ იმათ, ვის წინააღმდეგაც არის საქმე აღძრული.

"მე, თუ გახსოვთ, იმთავითვე ვთქვი, პირველივე დღეს, შეგიძლიათ მოიძიოთ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს ჩემი კომენტარი, რომ ეს ამნისტიის შემოთავაზება არ იქნება მარტივი საკითხი და ყველას გვესმის, რომ ქართული ოცნება შეეცდება, ამ ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს, რადგან ესეც გასაგებია. ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება, ჩვენ ვესაუბრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს და ეს ხელშეკრულება რაღაცნაირად ორივე მხარეს უნდა მიჰყიდოს. თუმცა, ერთი რამ არის გაუგებარი ჩემთვის, პოლიტიკურად ქართულ ოცნებას რაში სჭირდება, რომ პოლიციელების საკითხის პედალირება გააკეთოს, მაგრამ ფორმულირება საბოლოდ არის შემდგომი, რომ, ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, შეეხება ამნისტია მხოლოდ მათ". - ამბობს სამადაშვილი. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები