ნამახვანი

ნამახვანში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან დაკავშირებული მღვდლები იმყოფებოდნენ

Facebook/qadageba.ge

ნამახვანში დღეს, 23 აპრილს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან დაკავშირებული მღვდლები იმყოფებოდნენ. მღვდლების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან [მმკ] დაკავშირებული Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში პერმანენტულ აქციებს თვეებია, მართავენ.

პროტესტის ორგანიზატორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, განხილულ საკითხებზე ისაუბრა. გოლეთიანის თქმით, ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობებია, აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ წამოუყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყება.

16 აპრილს საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნება კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კვლევების გადახედვა ივნისამდე დასრულდება.

კომენტარები