პოლიტიკური კრიზისი

ლელო: ევროპარლამენტარების თავდებობით მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო განმარტავს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას, არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. ლელო აცხადებს, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან.

"მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: *ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს* 

მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხუთპუნქტიანი დოკუმენტიდან:  

ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს". – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განმარტებაში. 

პარტიის ცნობით, აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ლელომ რეაგირება მოახდინა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო "ისეთი ზომები", რომლებიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას – თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.

"ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ქართულმა ოცნება იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები