პოლიტიკური კრიზისი

ევროპარლამენტარები: დარჩენილ პარტიებს გამბედაობის გამოჩენისკენ მოწიწებით მოვუწოდებთ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტრებმა მარინა კალიურანდმა, სვენ მიქსერმა და ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა შარლ მიშელის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ შეთანხმების როლს, ასევე აღნიშნავენ სხვაობას ბოლო და წინა დოკუმენტებს შორის და ყველა პარტიას ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.

"მთელი გულით მივესალმებით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას მმართველ პარტია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის წარდგენილ ახალ, დეტალურ შეთანხმებაზე, "საქართველოს წინსვლის გზა", ხელმოწერით დაასრულეს პოლიტიკური ჩიხი.

ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური დესპანის, კრისტიან დანიელსონის წინა შემოთავაზებებს. ის უფრო ფართოდ პასუხობს პოლიტიზებული მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის ჩარჩოსა და მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესების საკითხებს.

გვჯერა, რომ ეს შეთანხმება პოლიტიკურად დაბალანსებულია და საქართველოს მოქალაქეთა საჭიროებებსა და სამართლიან მოლოდინებს განხილვის ცენტრში აქცევს. ეს ქმნის არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის პირობას და დაეხმარება, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას წამლავდა. შეთანხმება ახალი ბიძგს აძლევს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გამყარებას, ამიტომაც ის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება.

ჩვენ მოწიწებით მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის იგივე გამბედაობა გამოიჩინონ.

რადგან ეს პოლიტიკური კრიზისი სრულებით და ნამდვილად უკან უნდა მოვიტოვოთ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სრულად ფუნქციონირებადი გახდება და უზრუნველყოფს შეთანხმების სრულად ძალაში მოყვანას, როგორც სიტყვიერად, ისე სულისკვეთებით.

ევროპული პარლამენტი კვლავ მზადაა საქართველოს პარლამენტის დასახმარებლად, საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციებს შორის მედიაციის გზით". - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას რომ ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები