შარლ მიშელის დოკუმენტი

ხაზარაძე: შეთანხმებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი ვერ დავიდოდა მარტო მელიას თემაზე

ჩვენი ეს ძალისხმევა, ჩემი პირადი, ბადრის, ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების, იმით არის განპირობებული, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიზირებული მართლმსაჯულება დამთავრდეს, მაგრამ მოდით, ნუ დაგვავიწყდება... მე პატივს ვცემ ნიკას და მის პიროვნულ პოზიციას, გასაგებია, ეს მისი პოზიციაა და პატივს ვცემ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მარტო ნიკა მელიას თემას არ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებაში.

ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან ბევრ სახელმწიფოებრივ საკითხზე და შესაბამისად, სახელმწიფოებრივი საკითხები, ისეთი როგორიც არის, სასამართლო რეფორმა, ისეთი, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და იმ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სხვადასხვა საკითხი ვერ დავიდოდა მარტო ნიკა მელიას თემაზე.

ჩვენ უნდა ვნახოთ ოქროს შუალედი, სადაც სახელმწიფოებრივ საკითხებს ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას არ დავუპირისპირებთ მარტო ერთ საკითხს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ, მაგრამ ვერანაირად უარს ვერ ვიტყვით იმაზე, რაზედაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ...

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. ევროპული საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ერთერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებს ეხება. კერძოდ, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას დაკავებები). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება,  რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.  შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ენმ-მ, ევროპულმა საქართველო, ლეიბორისტულმა პარტიამ, კანონმა და სამართლიანობამ. ასევე, ევროპული საქართველოს სიის წევრმა და ამჟამად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

თავად ნიკა მელია გირაოს გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს, რაც შეეხება ამნისტიას, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის 20 ივნისის აქციის დამრბევ მხარესაც შეეხოს.

კომენტარები