კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 ადამიანიდან ინფიცირებული 1 იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 21 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 587 ადამიანს ჩაუტარდა - მათგან COVID-19-ით ინფიცირებული 1 ადამიანი იყო. 

"დაიწყო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტებით. დღეს დილისთვის იყო 587 ადამიანი. თითქმის ყველა გადმოსული გალის რაიონიდან. მხოლოდ ორი გახლდათ ცხინვალის რეგიონიდან/ გალში დგას დაავადებათა კონტროლის ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები. ყველა ეს ადამიანი იტესტება და ამ 587-დან 1 გვქონდა მარტო დადებითი". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან. ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

6 აპრილს ენგურის გადაკვეთისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი კარანტინისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ, კარანტინის მოხსნის მოთხოვნით აქციები გაიმართა.

კომენტარები