ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები Covid-ვაქცინაციაში ჩართვას შეძლებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან. ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი, მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიემინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით  ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. 

გასულ კვირაში ენგურის გადაკვეთისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ერთერთი ვერსიით, ისინი კარანტინისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ, კარანტინის მოხსნის მოთხოვნით აქციები გაიმართა.

თავდაპირველად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის 14-დღიანი კარანტინი მოქმედებდა, რაც 2021 წლის თებერვალში 5 დღემდე შემცირდა.

კომენტარები