პოლიტიკური კრიზისი

სენატორები: მხარეებს გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს

ჯინ შაჰინი/რონ ჯონსონი

აშშ-ს სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და რონ ჯონსონმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გამოაქვეყნეს.

სენატორები პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა შეთანხმება სრულად მოვიდეს ძალაში. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ მზად არიან საქართველოს დასახმარებლად. 

"ჩვენ საქართველოსა და მისი დემოკრატიულობის პირობებს გვერდში ვუდგავართ. მოხარულები ვართ, რომ ექვსი თვის შემდეგ პოლიტიკური უძრაობიდან ქვეყანა შეთანხმებამდე მივიდა. საქართველოს პოლიტიკურ ბედს გავლენა აქვს არა უბრალოდ ქართველ ხალხზე, რომელიც ამჟამად COVID-19-ის კრიზისს დამატებული პოლიტიკური არასტაბილურობითა და ეკონომიკური სირთულეებით იტანჯება, არამედ ის, ასევე, მთელი მსოფლიოს დემოკრატიის მდგომარეობის ამსახველია. 

გუშინდელი შეთანხმება ძლიერი და სრულად ფუნქციური დემოკრატიისკენ მისწრაფებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა ყველა მხარეს ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ, რათა სრულად შესრულდეს შეთანხმება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს მომავალი პოლიტიკური ჩიხის თავიდან ასაცილებლად. 

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და მის ხალხს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, რომელიც საკუთარი მოქალაქეების საჭიროებებს ემსახურება, გარანტორია გამჭვირვალობის და შეუძლია წინსვლა". – წერია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

 

კომენტარები