პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: საბოლოო ჯამში, ყველა პარტია იქნება პარლამენტში, მცირე ჯიუტობებთან გვაქვს ადგილი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პარტია მოაწერს ხელს და, მისივე სიტყვებით, "მცირე ჯიუტობებთან გვაქვს ადგილი".

"რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ა.შ. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ეს პარტია საბოლოო ჯამში იქნება პარლამენტში, ყველა ეს პარტია მოაწერს შეთანხმებასაც ხელს და ყველაფერი იქნება, უბრალოდ, მცირე ჯიუტობებთან გვაქვს ადგილი. ეს მათ ჰკითხეთ". – ამბობს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თქმით, ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა "ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო", როდესაც დოკუმენტს პარტიისგან დამოუკიდებლად მოაწერა ხელი.

"მიუხედავად იმისა, რომ მასთან არასდროს არ მქონია კარგი ურთიერთობა, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ხედავს, რომ დადგა დრო, დასავლური, ევროპული, ეროვნული ტიპის შეთანხმებას მოაწერო ხელი". - ამბობს ვაშაძე. 

19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი - მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასულმა, გრიგოლ ვაშაძემ. 

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები