პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი ენმ-ის დატოვებაზე: დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას

სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის დატოვების გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ სამადაშვილი FACEBOOK პოსტში წერს. 

"იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს-ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად". – წერს სამადაშვილი. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები