პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია, გააკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია

ფორმულა

"არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია-გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ-ყველა სხვა ადგილი დაკავებულია". – სალომე სამადაშვილი საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს, პარტიისგან დამოუკიდებლად მოეწერა ხელი მიშელის დოკუმენტისთვის.

"იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა, ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა - მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო:):) არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია - გააკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ - ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. ეს ფოტო გზავნილი მომეწონა - მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება". – წერს სამადაშვილი. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

 

კომენტარები