პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: სწორი იქნება პაუზა ავიღო, ენმ-ს სახელით მოლაპარაკებებზე სიარულს არ გავაგრძელებ

ნაციონალური მოძრაობის  წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დროებით პაუზას იღებს და  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით აღარ გააგრძელებს მოლაპარაკებებზე სიარულს. 

"მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება პაუზა ავიღო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მოლაპარაკებებზე სიარულს არ და ვერ გავაგრძელებ. რაც შეეხება პარლამენტში საქმიანობას, დღეს ყველა ადამიანმა, ვინც ხელი მოაწერა ამ საპარლამენტო შეთანხმებას, ხელი მოაწერა იმას, რომ ინიცირება რომ მოხდება ამნისტიის კანონის, ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე შევა ოპოზიცია. ანუ ჩვენ შევალთ პარლამენტში, იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ, მათ შორის გადაწყვეტილება მივიღოთ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ფაქტობრივად განაცხადა, რომ ისინიც შევლენ პარლამენტში, მას შემდეგ, რაც მელია გათავისუფლება. ჩემი აზრით, დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია არ მოიქცა სწორად, თუ ნიკა მელიას გათავისუფლება მათთვის არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩემთვის ნამდვილად არის. დღევანდელი შეთანხმება იყო არა იდეალური, ცხადია, მაგრამ გზა ამის მისაღწევად". – ამბობს სალომე სამადაშვილი 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები