პოლიტიკური კრიზისი

"ოპოზიცის უარი ალოგიკურია, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი" – კობახიძე დოკუმენტზე ხელის მოწერაზე

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ოპოზიციის მიერ ხელის არმოწერა " ალოგიკურია, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი". 

"ალოგიკური არის უარი, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი მაინც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, ოპიზიცია ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ალოგიკურ ნაბიჯებს. თავისთავად, ეს რიტორიკაც არის წინააღმდეგობრივი - როდესაც, ერთი მხრივ, საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და, მეორე მხრივ, ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა. ეს მტკიცება და ლოგიკა, თავისთავად, არის წინააღმდეგობრივი". - ამბობს ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ დოკუმენტს ხელი ცალმხრივად მოაწერა, რადგან "ჩვენთვის მთავარი არის, ვიმოქმედოთ სათანადო პასუხისმგებლობით ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე". 

გუშინ, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ პუნქტი ბუნდოვანია, ხელს არ მოაწერენ.  

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები