ოჯახში ძალადობა

ომბუდსმენი: დისკრიმინაციული განცხადებები აკნინებს ოჯახში ძალადობის სერიოზულობას

სახალხო დამცველი

​საქართველოს სახალხო დამცველმა მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ოჯახური ძალადობის აღნიშნულ შემთხვევასა და მასზე შესაბამისი უწყებების რეაგირებას.

"საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილის მიერ, შესაძლო ოჯახში ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნაწილი კვლავ არ არის სოლიდარული ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ, აღნიშნულზე ღიად საუბარი დიდ გამბედაობას და სიმამაცეს მოითხოვს და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას". - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველის თანახმად, შემთხვევასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული განცხადებები "აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს".

"განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძისა და სხვათა კომენტარები, ქალის ფინანსურ ინტერესსა თუ საჯაროდ დაგვიანებით საუბართან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს." - ამბობს ომბუდსმენი.

ომბუდსმენი საზოგადოებას და საჯარო პირებს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან." სახალხო დამცველის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რუსთავი 2-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მან გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელს ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ. მსახიობის თქმით, ის ყოფილი ქმრისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან მისი მიზანი არა ზანგურის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.

ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს - ამის შესახებ 16 აპრილს გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებაში წერია, რომელსაც ხელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აწერს. 

კომენტარები