განათლების სისტემა

პროფესიულ უნარებში მასწავლებლების 27%-მა მინიმალური ქულა მიიღო, მაქსიმალური –1,5%-მა

დღეს, 16 აპრილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2017-2019 წლებში უნარების გამოცდაში მინიმალური შედეგი 27%-მა მიიღო, მაქსიმალური შედეგი 1,5%-მა. 

მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი - 30%, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით - 27%-მა.  მიუხედავად დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.

სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა დააფიქსირა. 

 

კომენტარები