ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოში აცრის სიჩქარე სერბეთზე თითქმის 10-ჯერ დაბალია, 1 თვეში მოსახლეობის 0.7% აიცრა

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან 1 თვეში მოსახლეობის მხოლოდ 0.7% აიცრა.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 504-მა პირმა გაიკეთა. 16 აპრილის დილის მონაცემებით, ჯამურად აცრილია 26 427 ადამიანი – გამოდის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში დღიური აცრის საშუალო მაჩვენებელი 880.9 იყო, ამ ტემპით წლის ბოლომდე მოსახლეობის მხოლოდ 8% აიცრება, მაშინ როდესაც აზერბაიჯანმა ვაქცინაცია 19 იანვარს დაიწყო და მოსახლეობის 12% უკვე აიცრა.

ვაქცინაციის სიჩქარით საქართველო ასევე  ჩამორჩება ჩილეს, ბაჰრეინს, სებერთს და სხვა. თვალსაჩინოებისთვის, საქართველოში აცრის სიჩქარე სერბეთზე თითქმის 10-ჯერ დაბალია.

ვაქცინაციის სიჩქარის მიხედვით(1 თვეში დოზების საშუალო რაოდენობა) სახელმწიფოები შემდეგნაირად ნაწილდება:

 

  1. ისრაელი - 5 თვის განმავლობაში მოსახლეობის 61.7% აცრა, მოსახლეობის საშუალოდ 12.2%-ს ცრის თვეში
  2. ჩილე - 4 თვის განმავლობაში მოსახლოების 39.4% აცრა, მოსახლეობის საშუალოდ 9.7%-ს ცრის თვეში
  3. ბრიტანეთი - 5 თვის განმავლობაში მოსახლეობის  47.6% აცრა, მოსახლეობის საშუალოდ 9,4%-ს ცრის თვეში 
  4. ბაჰრეინი -  4 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 34% აცრა, მოსახლეობის საშუალოდ  8.5%-ს ცრის თვეში
  5. უნგრეთი - 4 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 32% აცრა, მოსახლეობის საშუალოდ 8%-ს ცრის თვეში
  6. აშშ - 5 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 37% აცრა, მოსახლეობის საშუალოდ 7.4%-ს ცრის თვეში
  7. სერბეთი - 4 თვის განმავლობაში, მოსახლეობის 26,5% აცრა, მოსახლეობის საშუალოდ 6.5%-ს ცრის თვეში

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ამჟამად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება ორგანოგადანერგილ პაციენტებს, დიალიზზე მყოფ პირებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები