ნიკა მელიას საქმე

უდუმაშვილი: სასამართლოში დადგმული სპექტაკლი მტკიცებულებაა, რომ მელია ივანიშვილის პატიმარია

rustavi2.ge

"ის სპექტაკლი, რომელიც ვიხილეთ გუშინ სასამართლო დარბაზში უტყუარი მტკიცებულებაა იმის, რომ ნიკა მელია დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმარია". –ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნიკა მელიას საკნის დასატოვებლად "არანაირი გასაღები" არ გააჩნია, როგორც ამის პროკურატურა თვეების განმავლობაში ამტკიცებს და ამით, ამ ტყუილებით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

"მიუხედავად არაერთი მყარი მტკიცებულებისა, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, სასამართლომ, უფრო სწორედ, ივანიშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩენილიყო. ჩვენ, ყველამ ერთად მოვისმინეთ, როგორ ყალბდებოდა მტკიცებულებები ამ საქმეზე, მოვისმინეთ შსს-ს მაღალჩინოსანი როგორ ავალებდა პოლიციელებს, რომ 20 ივნისის ღამე გახმოვანების სისტემის კაბელები გადაეჭრათ და ამით ქაოსი შეექმნათ აქციაზე. ყველამ მოვისმინეთ აღიარება ირაკლი კობახიძის, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი იხილებოდა ქართული ოცნების ზედა ეშელონებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასამართლო გამართული არ იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსებაჩამორთმეულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს მტკიცებულებები და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხელისუფლება, რომელიც მზადაა, ნებისმიერი უკანონობით ჩაეჭიდოს ძალაუფლებას". – ამბობს ზააალ უდუმაშვილი ენმ-ში გამართულ ბრიფინგზე.

სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომას ნიკა მელიაც ესწრებოდა. პროცესის შემდეგ ნიკა მელიამ წერილი გამოაქვეყნა. მელია წერს, რომ ქართულმა ოცნებამ ის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდებისთვის სავაჭროდ შემოინახა და ამიტომ, პროცესში მისი გათავისუფლების სანაცვლოდ შეთავაზებული ნებისმიერი პირობა მისთვის მიუღებელი და დამამცირებელი იქნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები