ნიკა მელიას საქმე

ქებურია: მელიას ციხეში დატოვებით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვა არ სურთ

ლელა ქებურია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლელა ქებურია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ მათ არც მოლაპარაკება სურთ და არც პოლიტიკური განმუხტვა. 

მისივე აზრით, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო წნეხი და აშშ-ს ჩართულობაც იქნება უფრო მასშტაბური.   

"ნიკა მელიას ციხეში დატოვებით ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ მას არც მოლაპარაკება სურს და არც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. მაშინ, როცა საერთაშორისო წნეხი განსაკუთრებულად მიმართულია პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტისკენ, ეს გადაწყვეტილება არის ერთგვარი გზავნილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ვაჭრობს პოლიტიკური ტყვეებით და უგულებელყოფს მათ ჩართულობას პროცესების ნორმალიზაციისაკენ, ეს შესაბამისად მათ აძლევს საფუძველს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩართულობა და ამაზე მიუთითებს ის, რომ რამდენიმე დღეში დაგეგმილია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და ასევე არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმისა, რომ აშშ-ს ჩართულობა იქნება უფრო მასშტაბური". - ამბობს ქებურია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები