კორონავირუსი და შეზღუდვები

"კეთილსინდისიერები" და "დამრღვევები" – შესაძლოა, რესტორნები ინდივიდუალურად დაიხუროს

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ინფიცირების კუთხით ქვეყნისთვის "ყველაზე დიდი საფრთხე" სარესტორნო ბიზნესია. ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ სწორედ რესტორნები არღვევენ ყველაზე ხშირად დაწესებულ რეგულაციებს.

"ყველაზე ნაკლებად ხდება დაცვა იმ პირობების, რომელიც არის აუცილებელი, ასევე, მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება დარღვევა იმ პირობის, რომელი დათქმაც იყო თავდაპირველად, როდესაც მათ გახსნაზე იყო საუბარი. სხვა სექტორს ეს შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ეხება, ვინაიდან მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდება იმ ღონისძიებების დაცვა, რომელიც არის მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და შრომის ინსპექციის მხრიდან.

ამ ეტაპისთვის განიხილება ყველაზე მაღალი რისკის მქონედ სწორედ ის დაწესებულებები, სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები". - თქვა ტიკარაძემ.

კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ შეზღუდვები დაწესების შემთხვევაში სწორედ სარესტორნო ბიზნესიდან დაიწყება, ჯანდაცვის მინისტრი ინდივიდუალურ მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას.

"აქ შევეცდებით გავყოთ ეს ბიზნესიც კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ ამ მოთხოვნებს, მიდგომა არ იქნება ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა, თუმცა, ჩვენ გამოვავლენთ, რომელი სექტორის და სეგმენტის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევა და ალბათ ინდივიდუალურად მივუდგებით თავდაპირველად და შემდეგ, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი უკვე გვიჩვენებს თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება მსგავსი ლოკალური შეზღუდვების დაწესება, ლოკალური მიდგომა და შემდეგ დამატებით ვიმსჯელებთ". - თქვა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდება, ეს უკვე იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ ლოკდაუნზე საუბარი, დახურვებზე საუბარი, შემდეგ გამკაცრებებზე საუბარი, ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით ხდება კვლავ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება".

"ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ვინაიდან, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, ვინაიდან ვიცით, რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს ამან". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

13 აპრილის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.66%, ბოლო 14 დღის - 2.46%, ბოლო 7 დღის - 2.58%.

კომენტარები