ნიკა მელიას საქმე

პაპუაშვილი: მელია ციხეში იქნება თუ გარეთ, მათთვის მხოლოდ საბაბია მღელვარების ასაგორებლად

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ზედმეტია მართლმსაჯულების პოლიტიზირებაზე საუბარი, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ადვოკატის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა ნიკა მელიას დასწრებასთან დაკავშირებით. 

"სასამართლო კანონიერ ფარგლებში წარიმართება. მაშინაც ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, რომ ეს პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, თუმცა მთელმა საქართველომ იხილა, რომ ის შუამდგომლობა, რომელიც დააყენა ადვოკატმა, დაკმაყოფილდა ნიკა მელიას სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. აქ რაიმე პოლიტიზებაზე საუბარი ზედმეტია". – ამბობს შალვა პაპუაშვილი

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილება პოლიტიკურ კრიზისზე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციისთვის  ნიკა მელიას ციხეში ყოფნა/არყოფნა მხოლოდ ცალკეული დეტალია და საბაბი მღელვარების ასაგორებლად.

"ვერ გეტყვით. საერთო ჯამში მოლაპარაკებების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ. სურთ არეულობა, რათა დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით, ანუ არჩევნების გვერდის ავლით მიიღონ ძალაუფლება. ეს არის მთელი აზრი ამ მდგომარეობის, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს. ამიტომ ნიკა მელია ციხეში იქნება, ციხის გარეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება არ იქნება, ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ დეტალებია და საბაბია, რათა რაიმე მღელვარება ააგორონ. ამიტომ ამას დიდი გავლენა მათ ზრახვებზე არ ექნება". – ამბობს შალვა პაპუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მელიაც ესწრება.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები