ბელარუსი-აზერბაიჯანი

ალექსანდრ ლუკაშენკო აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ილჰამ ალიევი და ალექსანდრ ლუკაშენკო

13 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აზერბაიჯანს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბელარუსის ლიდერს ორჯერ შეხვდება. პირველი შეხვედრა ლუკაშენკოს ჩასვლისთანავე გაიმართება. არაფორმალური შეხვედრისას ქვეყნების ლიდერები განიხილავენ ბელარუს-აზერბაიჯანის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებსა და თანამშრომლობის სტრატეგიულ საკითხებს.

ოფიციალური მოლაპარაკებები ოთხშაბათს, 14 აპრილს გაიმართება. ძირითადი ყურადღება დაეთმობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. მხარეები განიხილავენ მრეწველობაში თანამშრომლობის, წარმოებისა და წიაღისეულის მიწოდების მიმდინარე პროექტების რეალიზაციის და სასოფლოსამეურნეო პროდუქციის გადამუშავების საკითხებს. ასევე ჯანდაცვის, სამეცნიერო-ტექნოლოგიების, განათლებისა და ტურისტული სფეროების საკითხებს.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მოსალოდნელია ორმხრივი დოკუმენტებისთვის ხელის მოწერა.

ილჰამ ალიევი ვლადიმირ პუტინის შემდეგ მეორე ლიდერია, რომელიც 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდება.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

მთავარმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. თუმცა მალევე ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიტვაში ჩავიდა. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ დასავლეთში, აშშ-მ და ევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს.

კომენტარები