ვაქცინაცია

გამყრელიძე: არ ავიცრები ისეთი ვაქცინით, რომელიც სალაპარაკო გახდება მოსახლეობისთვის

ამირან გამყრელიძე
ჯანდაცვის სამინისტრო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ეცდება, აღდგომის შემდეგ, პირველივე დღეებში აიცრას. მან აღნიშნა, რომ Covid-19-ის გადატანიდან 120-დღიანი ვადა 29 აპრილს გასდის. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "ასტრაზენეკა გიწევთ, სხვა არ არის ამ დროისთვის, თუ ჩინური შევიდა ძალაში, შესაძლოა, ჩინურით გამოიყენოთ?", ამირან გამყრელიძე პასუხობს – "ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, არ ავიცრები ისეთი ვაქცინით, რომელიც სალაპარაკო გახდება მოსახლეობისთვის, ავიცრები, როგორც რიგითი მოქალაქე, რაც მას ეკუთვნის".

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია დაახლოებით 22 000 ადამიანი. აცრა ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინებით მიმდინარეობს. ქვეყანაში 14 000 ადამიანის სამყოფი ფაიზერი და 43 000 ადამიანის სამყოფი ასტრაზენეკაა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ატრაზენეკას ვაქცინით უკვე მხოლოდ 55 წელს გადაცილებული ადამიანები იცრებიან.

ქვეყანაში ასევე შემოსულია 100 000 დოზა ჩინური სინოფარმი, რომელსაც არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, არც FDA-ს და არც ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს. ვაქცინა იმ პირობით იყიდეს, რომ აპრილის ბოლომდე ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. თუმცა, 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე NCDC-ის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს, ჩინური ვაქცინით იმუნიზაცია უფრო ადრე ხომ არ დაიწყოს.

კომენტარები