საგარეო ვალი

$500-მილიონიანი საგარეო ვალის დასაფარად საქართველო ახალ ვალს აიღებს

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის ძირი თანხის, 500 მილიონი დოლარის დაფარვის უკანასკნელი დღეა. საგარეო ვალის დაფარვის მიზნით, საქართველოს მთავრობა რეფინანსირების სახით ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავს, ანუ ქვეყანა 10 წლის წინ აღებული ვალის დასაფარად ახალ ვალს აიღებს. 

ლარის გაუფასურებასთან ერთად იზრდება დასაფარი ვალის ღირებულებაც. 2011 წელს, ევროობლიგაციების განთავსების დროს, 500 მილიონი დოლარი 830 მილიონი ლარის ტოლი იყო, თუმცა დღეს, 2021 წელს, მის დასაფარად თითქმის ორჯერ მეტი თანხაა საჭირო, კერძოდ, 1.71 მილიარდი ლარი. 

ლარის გაუფასურებისა და ვალის გადავადების გამო, ევროობლიგაციების დაფარვა სახელმწიფოს 890 მილიონი ლარით მეტი უჯდება.  

2011 წლიდან მოყოლებული, ევროობლიგაციების საპროცენტო მომსახურებისთვის საქართველო წლიურად 34.5 მილიონ დოლარს იხდიდა. ათი წლის განმავლობაში კი თითქმის 345 მილიონი დოლარი გადაიხადა, ანუ $500 მილიონიანი ვალის მხოლოდ გადავადების მიზნით, ქვეყანამ $345 მილიონი გადაიხადა. 

ევროობლიაგიცების დამატებით გადავადება და ლარის გაუფასურება ქვეყანას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება.
 
რეფინანსირების ზუსტი პირობები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
 

კომენტარები