პოლიტიკური კრიზისი

"გავიარეთ მოლაპარაკებების მდგომარეობა" – ლელოს ლიდერები აშშ-სა და EU-ს ელჩებს შეხვდნენ

მამუკა ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ელჩებთან სამუშაო შეხვედრაზე მოლაპარაკებებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო მდგომარეობა განიხილეს. 

"შეხვედრა გვქონდა კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან. კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ლელოს პოზიცია, რომ ხუთი პუნქტიდან ჩვენ სამ პუნქტს ვეთანხმებით და იცით ეს. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მინდა, დავადასტურო, რომ საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა მოხდეს და ეს გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.

ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას. მმართველ გუნდთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია. ჩვენამდე იყო შეხვედრა. მე და ბადრის ელჩებთან დამოუკიდებელი შეხვედრა გვქონდა". – თქვა მამუკა ხაზარაძემ საზმაუს ცნობით. 

აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები ლელოს ლიდერებთან შეხვედრამდე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ. 

18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები