თავდასხმა ფორმულას თანამშრომლებზე

ქარტია ფორმულაზე: ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას ვუკავშირებთ

ფორმულა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

"ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება. ბოლო პერიოდში გახშირდა ჟურნალისტთა თავდასხმის ფაქტები, რასაც არასამთავრობო სექტორი, მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ერთი მხრივ, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას უკავშირებს

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა თავდასხმისა და ქონების დაზიანების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია". – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი. 

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიაში მუშაობას უკავშირდება. ტელეკომპანიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს. 

25 თებერვალს თავს დაესხნენ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.  

კომენტარები