თავდასხმა ფორმულას თანამშრომლებზე

აშშ-ს საელჩო: ვგმობთ ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმასა და ვანდალიზმის ფაქტს

ფორმულა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმას. საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. 

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის, ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიაში მუშაობას უკავშირდება. ტელეკომპანიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს. 

25 თებერვალს თავს დაესხნენ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.  

კომენტარები