ევროკავშირი-საქართველო

კრამონი მოსამართლეებზე: ვენეციის კომისიის დასკვნამდე კენჭისყრა სრულიად არასაჭიროა

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის სასამართლო რეფორმასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა.

"სრულიად არასაჭიროა ახლა ამისთვის კენჭისყრა, ვენეციის კომისიის მოსაზრების გამოქვეყნებამდე. მმართველმა პარტიამ ეს ძალიან კარგად იცოდა." - წერს კრამონი Twitter-ზე.

1-ელ აპრილს საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი გუნდის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები.

ევროკავშირის შეფასებით, "გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიიღო". განცხადებაში გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოს წარსულშიც ვენეციის კომისიის მოსაზრების გარეშე აქვს შეტანილი კანონმდებლობაში ცვლილებები.

ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს.

"ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიისგან შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს. ახალი საკანონმდებლო წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაადასტურებს, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირის თანახმად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაცემის პირობა მოსამართლეების შერჩევაზე ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებაა.

შეგახსენებთ, რომ პირველ აპრილს, ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც განიხილეს საქართველოში მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შეჩერების საკითხი.

ამ დახმარებაში იგულისხმება 2020 წლის აპრილში ევროკომისიის მიერ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€-მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებს საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებს.

კომენტარები