პოლიტიკური კრიზისი

სუბარი პოლიტიკურ კრიზისზე: დაზარალდება ოპოზიცია, ქვეყანა ამას გადაიტანს მშვიდად

სოზარ სუბარი
ტაბულა

"ეს არ არის გადაუწყვეტელი [პრობლემა]". - ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება "სულაც არაა მთავარი პრობლემა". პალიტრანიუსის რეპლიკაზე, რომ ეს არის გადუწყვეტელი პრობლემა, სუბარი ამბობს - "ნუ გადაწყდება, დარჩებიან ქუჩაში-თქო, გეუბნებით, რა ვქნათ ახლა. შემოვლენ [პარლამენტში] კარგია მათთვის,  არ შემოვლენ, ცუდია მათთვის".

კითხვაზე, ეს როგორ აისახება ქართულ ოცნებაზე, დეპუტატი პასუხობს, რომ "დაზარალდება ოპოზიციური სპექტრი, ქვეყანა ამას გადაიტანს მშვიდად და თქვენც თუ რეალურ პრობლემებზე დაიწყებთ საუბარს, უკეთესი თქვენთვისაც".


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები