ვაქცინაცია

გამყრელიძე: ჯამში აცრილია 11 603 ადამიანი, ეს ცოტაა, დღეში გვჭირდება მინიმუმ 3 000 აცრა

ამირან გამყრელიძე
ჯანდაცვის სამინისტრო

"გავაინტენსიუროთ უფრო მეტად აცრა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 5 აპრილის დილისთვის სულ აცრილია 11 603 ადამიანი.

"დღეში საშუალოდ გვაქვს 1 000 აცრა, გარკვეული ჩავარდნა იყო ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ახლა ყოველდღიურად 1 000-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ ეს ცოტაა. ამ ეტაპზე გვჭირდება მინიმუმ 3 000 აცრა დღეში. ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი, არის ასტრაზენეკა, არის ფაიზერი და ახლა უკვე შემოგვემატა სინოფარმის ვაქცინა, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია, გავზარდოთ აცრები". – თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის ინფორმაციითვე, აპრილის ბოლომდე ვაქცინაციაზე ჯავშანი კიდევ 19 073 ადამიანს აქვს გაკეთებული.

"უფრო მეტია საჭირო, რომ სწრაფი ტემპებით ვიაროთ წინ". – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეიდან, 5 აპრილიდან, ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოსახლეობა, ასევე, დიალიზზე მყოფი  და ორგანოგადანერგილი პირები ჩაერთნენ.

კომენტარები