ნამახვანჰესი

შსს: ინფორმაცია, თითქოს რიონის ხეობაში ინტერნეტს ვახშობთ, სიცრუეა

მთის ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რიონის ხეობაში ინტერნეტის ჩახშობასთან დაკავშირებით, სიცრუეა. უწყების განმარტებით, ხეობაში განთავსებული სპეციალური
სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ხეობასთან მობილიზებულ სპეცრაზმს, როგორც უწყება ამბობს, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით არიან მობილიზებულნი.


"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელი მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით. რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო
ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის
მიზეზით განთავსდა.


რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის
თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს". - წერია უწყების განცხადებაში. 


150 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ კომპანიამ ხეობა დატოვოს და შეჩერდეს მშენებლობა მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

გუშინ, 3 აპრილს, კომპანია ენკას ახალი ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე ნამახვანის მოსახლეობას შეხვდა  და თქვა, რომ კომპანია წინამოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ხეობიდან ინვესტორის გასვლას ითხოვენ. 

კომენტარები